მარიამ იოსელიანი
21:07, 13 თებ, 2020
***
ადამიანის თითები უნიკალური რამ არის, აი ისეთი, ყველაფერს, რომ მიწვდება, შეეხება და შეიგრძნობს. ცივი, მარმარილოს ფერი ხომ, ხელოვნების გამოძერწილი ნიმუშია,
ამ ქვეყნიერებისთვის არა სახასიათო, გარდამეტებულად ლამაზი, ფიქრთ დამაბნეველი და სიამოვნების მომგვრელი. გაყინულ ძარღვებს გადაკრული მკრთალი ქსოვილი, სხვადასხვა ტონებში აბსტრაქტულად მოთამაშე ღია ცისფერ ელფერს ქმნის, რომელიც თოვლის სამოსელშია ჩაძირული, მისი კრისტალები კი სისხლის გაყინვას ლამობენ თითქოს. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ძალუძთ ყველა იმ მშვენიერების აღქმა რასაც ეხებიან, თან როგორ ეხებიან. სულიერს აფორიაქებენ, უსულოს სულს ჩუქნიან, რომელშიც გაუჩერებლივ იწყებენ ფათურს და სძენენ იმ ელემენტებს, რომლებიც 7 სახასიათო ფერშია წარმოდგენილი ცხოვრების პალიტრაზე. შავ-თეთრ კლავიშებზე მოხდენილი, გრძელი მოცეკვავე თითები უჩვეულოდ მელოდიურ ტანდემს ქმნიან და ნარინჯისფერი, შემოდგომის მზესავით ასხივოსნებენ მივიწყებულ, არარაობად ქცეულ, მკვდარ სივრცეს. ისინი თითქოს ყველაფერს არიან მოდებულნი, თითქოს ყველაფერთან აქვთ შეხება, თითქოს შენამდეც აღწევენ, რიტმულად გეხებიან და სიამოვნებას იღებენ ამით. ჰო, ადამიანის თითები მართლაც უნიკალური რამ არის.