გიორგი შარაშენიძე
02:10, 08 თებ, 2020
წითლად კანისფერ ფურცლებზე
პირველი წინადადება ყოველთვის გამაწამებელია. ცარიელ ფურცელზე გაშეშებული კალმით შუბლშეკრული რომ ზიხარ, იმის ნაცვლად, რაც გინდა, დაწერო, ხშირად საკუთარ თავს წარმოიდგენ, წამსვე აიხედები, არავის ნახავ, მაგრამ შეგრცხვება იმის ტოლფასად, შენი მოხარხარე ასლებით სავსე ოთახში რომ იმყოფებოდე. მათგან რომელიმესთან თუ გააიგივებ თავს, საკუთარი "მესთვის" იგრძნობ ესპანურ სირცხვილს, თუმცა, გაუგებ კიდეც მას, რადგან რთულია, ვერ შეხედო საკუთარ თავს არასწორად. ჯდები საწერად, ცდილობ, ცნობიერების ქერქში ჩალურსმნული აბჯარი მოიხსნა, რომელიც საზოგადო ცხოვრებისთვის გჭირდება, მიაგნო გაუცნობიერებლად დარჩენილს, რაც იმიჯისთვის ჩაიხშე, მაგრამ წამდაუწუმ ტკივილისგან ნებისყოფა გღალატობს. შინაგანად იბრძვი, მაგრამ გარეგნულად სასაცილო ხარ, არსაითკენ იხედები, თითქოს ხვეულების ლაბირინთში მიმართავ მზერას, თვალებსაც ხუჭავ, ანდა ოთახში ეძებ გზამკვლევ ნივთებს. ამას იმ წამს აცნობიერებ, როდესაც საკუთარი "მეს" ნაცვლად ისევ საზოგადო "მეს" პოულობ. ხვდები, რომ ამით ხელმძღვანელობდი მთელი დღე, რომ ამით აჩუმებდი, დროში წელავდი სირცხვილს. ხვდები, წამია, როდესაც სხვისი ინტერესები უნდა გადაძალო, მოხარხარე ასლებმა დაძლიონ შიში, რომ დაცინვის გარეშე მათ დასცინებენ, გაგიგონ არა იმიტომ, რომ შენს ნაწილს წარმოადგენენ, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერ სხვასაც შეეძლო დაცინვა, მაგრამ მათშიც იქნებოდა უცხო, რომელიც საკუთარ თავთან გაგაიგივებდა. წამია, როცა ერთადერთი წინადადებაა მხოლოდ სწორი. იგია მთელი დღით ჩახშულის საპირწონე, მან უნდა გადაძალოს ყველა დანარჩენი, მთელი დღე, რომელმაც შვა ისინი. იგია სადავე შენკენ მორბენალი ცხენისა, რომ უნდა დაიჭირო შენი უდიდესი სიტყვების დასაწერად, რომ ვერ გადაგთელოს მათმა საპირწონე ტვირთმა. რატომღა ვუცდით მოახლოებად ცხენს? ვინც წერს, იგი ხვდება, მაგრამ ხვდება იმასაც, რომ ხშირად მარცხდება მასთან, უფრო ხშირად გამოწვევასაც ვერ იღებს, ხოლო ამარცხებს თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში. ამგვარი წამის სამუდამოდ დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ასეცაა საჭირო. ყოველ დაწერილთან ერთად, მეტი გიგროვდება დასაწერი, უფრო მძაფრად იბრძვი ამ წამისთვის, უფრო გიგრძელდება იგი. ხშირად ისიც გინდა, განზრახ გაექცე "მეს", მოძებნო შენი ასლი, რომელმაც უკვე დაწერა თავისი უდიდესი სიტყვები, რათა გამოიყენო. მაგრამ, რომც იპოვო შენივე ასლი, თვალებით მიხვდება, რასაც უპირებ, გაათკეცდება, რათა დაგცინოს. ზოგჯერ პოულობ მერნიან ადამიანს, მაგრამ ვერ ხვდები, რომ იგი შენ ხარ. ზოგჯერაც სხვაა, მასთან ჯირითობ, ბევრსაც განიცდი, მაგრამ მთავარ სასწავლს შორიდან იხილავ, როცა ჩამოგსვამს, გზაზე დაგტოვებს, ჯირითს მოგანატრებს, რომ საკუთარ ცხენთან შეგაჯიბროს - მან მისი მოთვინიერება ვერ გასწავლა. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად მწერლების ახალი თაობა უარესია. დაუოკებლები დეკადენსიდან მაღლდებიან, რადგან მეტჯერ დაამარცხეს პირველი წინადადებით, სწორი სიტყვებით დანარჩენები. ხოლო, ჩემსავით, პირველ ტანჯვაზე მხოლოდ რომ წერონ, პირველ წინადადებაშიც მასზე ისაუბრონ, წერონ წითელი კალმით კანისფერ ფურცლებზე, მხოლოდღა მოსალოდნელ მარცხთან დაჩოქვის გამო იწუწუნებენ.