ნინო კაპანაძე
13:35, 01 თებ, 2020
თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძე
გათენდა...მოდი ვნახოთ იქნებ სიახლე არის რამე სოციალურ ქსელებში. ბალიშთან ახლოს მოყუჩებული ტელეფონი აინთო და დაიწყო თავისი რუტინული საქმიანობა. ტელეფონს მეტი აღარ შეუძლია... კვების ელემენტი სულ დაიცალა, ახლა კი დროა ავდგეთ. ნეტავ საუზმედ რა გვაქვს?! ოთახს მერეც დავალაგებთ, ახლა უკვე შუადღეა, ამდენხანს შიმშილი როგორ შეიძლება. უუფ... კარგი რამ არის ჭამა... საღამომდე კიდევ დიდი დროა, რა გავაკეთოთ მანამდე?! წიგნი წავიკითხოთ! ანდა, წიგნს რა მოაქვს?! არც არაფერი... უნდა იკითხო... იკითხო თვალები გეტკინება, რამეს ისწავლი და მერე იმუშავებ, და თუ ნასწავლი იქნები და იმუშავებ ფერ-ხორცს სულ დაკარგავ. რა მოაქვს გამომშრალ ფურცლებს, თან უნდა ატარო ეს წიგნები და სიმძიმით წელში ვერ გასწორებულხარ. არაფერი არ მოაქვს წიგნს, გარდა ნერვიულობის და საკუთარი თავის დაკარგვისა. წიგნს სხვა დროსაც წავიკითხავ, ჯობია ახალი ამბები მოვისმინო. რა უინტერესოა ეს საინფორმაციოები, კომედიური ფილმის ყურება აჯობებს.
ეჰ, ფილმიც დამთავრდა... ახლა?! ცოტას წავიხემსებ. ტელფონიც დაიმუხტებოდა... ნეტავ მეგობრები სად არიან?! ჰმ! თურმე შეკრებილან... მე კი ვერ წავალ... შორია. ჯობია აქ მოვიდნონ, ჩემთან. არა, არა, ჩემთანაც ვერ მოვლენ სახლი არეულია, ანდაც ერთ ოთახს დავალაგებ! მაგრამ თეფშებიც დარეცხვაც მომიწევს... ეჰ! ჯობია რამე შევჭამო და დავისვენო, მათ ნახვას სხვა დროსაც მოვასწრებ.
ჩამძინებია... რა დრო გასულა, ამდენხანს შიმშილი როგორ შეიძლება. მაცივარი ცარიელია... საჭმლის გაკეთების თავი არ მაქვს ძალიან დავიღალე, მაღაზიაც ძირს არის... კიბეზე ჩავიდე, მაღაზიაში შევიდე, რამე ვიყიდო, მაღაზიიდან გამოვიდე, კიბეზე ამოვიდე... უუფ! არაა! ჯობია დავიძინო, უძილობა არ შეიძლება... საღამოს რვა სრულდება, ახლა დავიძინებ და დანარჩენს, რომ გათენდება მერეც მოვასწრებ.