ხატია შონია
18:01, 26 იან, 2020
დაუღალავი მონატრება
- [ ] თვალებს ვხუჭავ და სიბნელეა. მხოლოდ ფერის აღქმით გიახლოვდები. მე რაღა მიკვირს სიბნელის , უკვე დიდი ხანია ბნელა ჩემთან . ვუყურებ ჩემს სხეულს ცოცხალს და გული მწყდება, რომ სიცოცხლეშივე იხრწნება ყველა ოცნება და განცდა რაც უწინ გვაკავშირებდა . ოთახში სიბნელეა ,ვერ ვიტან როცა ღამე სიბნელეში რაღაც ანათებს . ვცდილობ დაგემთხვე, მაგრამ არც კი ვიცი შენ როგორ ხარ, შენთან ბნელა თუ მზე გინათებს დღეებს . საათის ისრების რიტმი თითქმის დავიზეპირე და გულში მეც ვიმეორებ მის ხმებს რიტმულად . წინ ქვიშის საათი მიდევს. ვუყურებ როგორ იცლება ქვიშის საათი ქვიშებისაგან და ვამსგავსებ საკუთარ თავს , როცა მე უშენობის დღიდან დავიცალე ყველა ემოციისაგან და განცდისაგან.ვგრძნობ, რომ შენ ჩემს გვერდით არ ხარ და მე ვარ მარტო . გამირბიან ადამიანებიც, რადგან სხვა ვარ, ვიღაც უცნობი მათთვის , მათ არ იციან როგორ გაუგონ ადამიანს, რომელსაც დააქვს ტკივილი, რომელსაც თვითონ არ იცნობენ. დღეს უცნაური ღამეა , მეტად უცნაური მონატრებით და მელანქოლიით სავსე .ზოგჯერ თითქოს ძლიერი ვარ და ყველაფერი შემიძლია, ზოგჯერ კიდევ ისე ძალიან უმწეო, რომ საკუთარ მუხლებჩახუტებული ლოგინის ერთ კუთხეში ვიყუჟები და ვკანკალებ. ჩუმად ვტირი , რადგან არ მინდა ეს სისუსტე სხვებმა ნახოს , არა და არავინაა ირგვლივ ჩემი ოთხი კედლების გარდა . მე დღეს ვცადე სიცარიელე შემევსო და უფრო დავცარიელდი . დრო ... დრო მაჩვევს უშენობას . ტკივილები და განცდები იმდენად ჩემი გახდა , რომ ზოგჯერ ვესალმები კიდეც, აღარ მაწუხებენ თავიანთი სახლობით და ვცხოვრობთ ასე ,მე , ჩემი ტკივილები და უშენობა. სამივეს შევეჩვიე, ისე როგორც ავადმყოფი ეჩვევა ყოველ დილით წამლის დალევას . ახლა იმდენად მარტო ვარ რომ ზოგჯერ მეშინია კიდეც, რომ ვინმე მოვა და ჩემს მარტოობაში იხმაურებს . თითქოს და ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში გადმომისროლესო . ამას ვერავინ გაიგებს . ახალი დღეები დადგა, მზე ამოვიდა, მოიღრუბლა,გაწვიმდა, დაღამდა ,გათენდა, გაგრძელდა დღეები და მე კი გავეგოისტდი, რომ უშენოდ შეძლო დღეებმა გაგრძელებულიყო, ავადმყოფური მოლოდინები დამჩემდა.მე კი თითქოს იმ დღეში ჩავრჩიო, ზუსტად იმ დროს , როცა უშენობა მახარა დღემ და იმ დღის მერე თითქოს არც გათენდაო, არც გაგრძელდაო,ისევ იქ ვარ , იგივე გრძნობით და განცდით, რომ შენ არ ხარ, არ ხარ შენ .ახლა ღამეა , მაგრამ არ მირეკავ , მე გარეთ ვიყურები, იქნებ რამე სასწაული მოხდეს და გამოჩნდე, შემეხო და შენი ხმა გამაგონო. ისრების ხმა და ჩემი გულის ცემა თითქოს რაღაც მელოდიას ქმნის და ეს მელოდია ჩამესმის ყურში . მე მას ჩემი ცხოვრების მელოდიად მივიჩნევ და ის მარტო მე მესმის .ეს ჩემი და შენი მდგომარეობაა. ისრები განუწყვეტლივ მოძრაობენ და მახსენებენ, რომ სამყარო შენთან ერთად არ დასრულებულა,რომ მე იმ დღის მერე სამყაროსთან ერთად გავგრძელდი და მე ცოცხალი ვარ,თეორიული ცხოვრება დამაქვს ტვირთად მხრებით . მე,იმ დღის მერე დავატარებ ჩემს მკვდარ სულს, ცოცხალი სხეულით და გაგრძელებული დღეები, დაღამებული ღამეები მხოლოდ პირობითია, რომ სამყარო გაგრძელდა და მე ფიზიკურად დავრჩი, სული კი წამოგაწიე, მაგრამ ვერ დაგაწიე . სიბნელეა... ისევ გათენდება დილა ,მაგრამ მე ამას ვერ დავინახავ, რადგან მზის სხივებს შავ ნაჭერს ვაფარებ კვლავ . შენს შემდეგ სულში ისედაც ბნელა . ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა, რომ ძალიან მჭირდება შენი არსებობა, ჩემს მკვდარ დღეებში.